ვარიკოზული ვენები

დაავადების აღწერა

ვენების ვარიკოზული დაავადება ვითარდება ვენების გაფართოებისას. ნებისმიერი ვენა შეიძლება გახდეს ვარიკოზული, თუმცა უფრო ხშირად იგი ქვემო კიდურებში გვხვდება რადგან ფეხზე დგომა და გამართული სიარული ზრდის ზეწოლას ქვემო კიდურების ვენებზე.

ბევრ ადამიანში ვარიკოზული და ‘ობობის’ ვენები (ვარიკოზული დაავადების მსუბუქი ფორმა) მხოლოდ გარეგნული დისკომფორტია. ზოგჯერ ვარიკოზული ვენები იწვევენ ტკივილს და დისკომფორტს, ხანდახან კი – სიცოცხლისთვის საშიშ პრობლემებს. ვარიკოზული ვენები აგრეთვე შეიძლება მიუთითებდნენ სისხლის მიმოქცევის სხვა პრობლემების გაზრდილ რისკზე. ხშირად საკმარისია თვითმკურნალობა, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება ვენების ოპერაციულად შევოწროება ან ამოღება.

გამომწვევი მიზეზი

არტერიებს მიაქვთ სისხლი გულიდან სხეულის დანარჩენ ნაწილებში. ვენებს მოაქვთ სისხლი უკან გულში. ფეხის ვენებს მიზიდულობის საწინააღმდეგოდ უწევთ მუშაობა. სისხლის გულში დაბრუნებას ხელს უწყობს ქვედა კიდურების კუნთების შეკუმშვა და ელასტიური ვენების არსებობა. ვენებში არსებული სარქვლები ხელს უშლიან სისხლის უკუდინებას.

ვარიკოზულ ვენებს იწვევს:

  • ასაკი. ასაკის მატებასთან ერთად ვენები კარგავენ ელასტიურობას. ვენების სარქვლები შეიძლება დასუსტდნენ, რაც სისხლის უკუდინებას გამოიწვევს. სისხლი გროვდება ვენებში, რის გამოც ისინი ფართოვდებიან და ვარიკოზულები ხდებიან. ვენებს ლურჯი ფერი აქვთ რადგან ისინი ჟანგბადით ღარიბ სისხლს შეიცავენ.
  • ორსულობა. ზოგ ორსულ ქალს უვითარდება ვარიკოზული ვენები. ორსულობა ზრდის სისხლის მოცულობას და ანელებს სისხლის ქვემო კიდურებიდან მენჯისკენ მოძრაობას. ეს სისხლის მიმოქცევის ცვლილება ხელს უწყობს ნაყოფის განვითარებას, თუმცა მისი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს ქვემო კიდურების ვენების გაფართოება. ვარიკოზული ვენები შეიძლება გაჩნდეს ან გაუარესდეს ორსულობის ბოლო ნაწილში, როდესაც საშვილოსნო უფრო დიდი ძალით აწვება ქვემო კიდურების ვენებს. ორსულობის დროს განვითარებული ჰორმონული ცვლილებები აგრეთვე თამაშობენ როლს. ორსულობის დროს განვითარებული ვარიკოზული ვენები როგორც წესი მშობიარობიდან სამ თვეში მკურნალობის გარეშე ქრება.

სიმპტომები

ვარიკოზული ვენები ჩვეულებრივ არ იწვევენ ტკივილს. ვარიკოზული ვენების ნიშნები შეიძლება იყოს:

  • მუქი იასამნისფერი ან ლუჯრი ვენები
  • გამობერილი ვენები



ვენების ვარიკოზული დაავადების მტკივნეული ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება ფეხებში
  • წვის შეგრძნება, ფეთქვა, კუნთების ტკივილი ან შეშუპება ქვედ აკიდურებში
  • ტკივილის გაუარესება დიდი ხანი ჯდომის ან დგომის შემდეგ
  • ქავილი ერთი ან მეტი ვენის გარშემო
  • კოჭებთან ახლოს კანის წყლულების არსებობა შეიძლება უფრო სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებდეს, რომელიც სასწრაფო დახმარებას მოითხოვს.



ობობის’ ვენები ჰგავანან ვარიკოზულ ვენებს, მაგრამ ისინი უფრო პატარები არიან. ობობის ვენები კანის ზედაპირთან უფრო ახლოს არიან და ხშირად ლურჯი ან წითელი ფერი აქვთ. ისინი უმეტესად ქვედა კიდურებზე გვხვდება, თუმცა ხანდახან მათი დანახვა სახეზეც შეიძლება. ობობის ვენები სხვადასხვა ზომისაა და ჰგავს ობობის ქსელს.

როდის მივმართოთ ექიმს

თვითმკურნალობა – მაგალითად ვარჯიში და ფეხების აწევა – მოგგვრით შვება და დაგიცავთ მდგომარეობის გაუარესებისგან. მიმართეთ ექიმს, თუ შეწუხებული ხართ ვარიკოზული ვენების შესახედაობით და თვითმკურნალობის შედეგად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.