ვიტამინდეფიციტური ანემია

დაავადების აღწერა

ვიტამინდეფიციტური ანემიის დროს ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტის გამო სისხლში ჯანმრთელი ერითროციტების ნაკლებობაა. ვიტამინდეფიციტურანემიასთან დაკავშირებული ვიტამინებია ფოლიუმის მჟავა, B-12 და C ვიტამინი.

ვიტამინდეფიციტური ანემიის მიზეზი შეიძლება იყოს ფოლიუმის მჟავის, B-12 ვიტამინის და C ვიტამინის ნაკლებობა საკვებში ან ორგანიზმში შეწოვის უნარის დაქვეითება.

ყველა ანემია არ არის ვიტამინდეფიციტური. ანემიების აგრეთვე იწვევს რკინის დეფიციტი და სისხლის ზოგიერთი დაავადება. მნიშვნელოვანია ანემიის დროული დიაგნოზირება და მკურნალობა. ვიტამინდეფიციტური ანემიის მკურნალობა ხდება ვიტამინების დანამატებით და დიეტის ცვლილებით.

გამომწვევი მიზეზი

ვიტამინდეფიციტური ანემია ვითარდება როდესაც ორგანიზმში არ არის ერითროციტების საკმარისი რაოდენობის წარმოქმნისთვის საჭირო ვიტამინები. ერითროციტებს გადააქვთ ჟანგბადი ფილტვებიდან სხეულის სხვა ნაწილებში. ვიტამინდეფიციტური ანემია შეიძლება განვითარდეს საკვებ რაციონში ვიტამინების ნაკლებობის დროს. ვიტამინდეფიციტური ანემია აგრეთვე შეიძლება განვითარდეს თუ დარღვეულია საკვებიდან ვიტამინის შეწოვა.

ვიტამინდეფიციტური ანემიის მიზეზებია:

  • ფოლიუმდეფიციტური ანემია. ფოლიუმი, აგრეთვე ცნობილი, როგორც ვიტამინი B-9, გვხვდება ხილში და მწვანე ბოსტნეულში. საკვებ რაციონში ამ პროდუქტების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს დეფიციტი.
  • ფოლიუმის შეწოვის დარღვევა აგრეთვე იწვევს მის დეფიციტს. შეწოვა უმეტესად წვრილ ნაწლავებში ხდება. წვრილი ნაწლავის დაავადებების (ცელიაკია) და წვრილი ნაწლავის ქირურგიული ამოკვეთის შემთხვევაში შეიძლება შემცირებული იყოს ფოლიუმის მჟავის შეწოვა. ალკოჰოლი და ზოგიერთი მედიკამენტი ამცირებს ფოლიუმის მჟავის შეწოვას და იწვევს მის დეფიციტს.

    ფეხმძიმე ქალებს და ჰემოდიალიზზე მყოფ ადამიანებს ფოლიუმის მჟავას გაზრდილი მოთხოვნილება აქვთ.

  • B12-დეფიციტური ანემია (პერნიციოზული ანემია). B12 ვიტამინის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს საკვებში მისი ნაკლებობის გამო. იგი დიდი რაოდენობით გვხვდება ხორცში, კვერცხში და რძეში. B12-დეფიციტური ანემია აგრეთვე ვითარდება წვრილი ნაწლავის ამოკვეთის, ბაქტერიების ჭარბი ზრდის ან წვრილი ნაწლავების დაავადების, მაგალითად კრონის დაავადების და ცელიაკიის დროს. B12-დეფიციტური ანემია აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავებში ბრტყელი ჭიის არსებობამ. B12-დეფიციტური ანემიის ხშირი მიზეზია შინაგანი ფაქტორის ნაკლებობა.

    შინაგანი ფაქტორი არის კუჭში წარმოქმნილი ცილა, რომელიც კუჭში იერთებს B12 ვიტამინს და გადააქვს იგი ნაწლავებში შესაწოვად. შინაგანი ფაქტორის გარეშე ვერ ხერხდება B12 ვიტამინის შეწოვა და იგი ორგანიზმიდან გამოდის. შინაგანი ფაქტორის ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს აუტოიმუნურმა რეაქციამ, რომლის დროსაც იმუნური სისტემა შეცდომით ანადგურებს მის წარმომნელ უჯრედებს კუჭში. შინაგანი ფაქტორის ნაკლებობის გამო გამოწვეულ B12-დეფიციტურ ანემიას პერნიციოზული ანემია ეწოდება.

  • ვიტამინ C-დეფიციტური ანემია. ვიტამინ C-დეფიციტური ანემია ვითარდება როდესაც საკვებით არ იღებთ საკმარისი რაოდენობით C ვიტამინს. ვიტამინ C-დეფიციტური ანემია აგრეთვე შეიძლება განვითარდეს როდესაც დარღვეულია საკვებიდან C ვიტამინის შეწოვა. C ვიტამინის შეწოვის დარღვევვის ერთ-ერთი მიზეზია სიგარეტის მოწევა.

სიმპტომები

ვიტამინდეფიციტური ანემიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • დაღლილობა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • თავბრუსხვევა
  • ფერმკრთალი ან მოყვითალო კანი
  • არარეგულარული გულისცემა
  • წონაში კლება
  • მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება ხელებში და ფეხებში
  • კუნთების სისუსტე
  • ხასიათის ცვლილება
  • დაბნეულობა ან გულმავიწყობა



ვიტამინდეფიციტური ანემიის განვითარებას როგორც წესი რამდენიმე წელი სჭირდება. ვიტამინდეფიციტური ანემიის სიმპტომები შეიძლება თავიდან შეუმჩნეველი იყოს.