ვოლფ–პარკინსონ–უაითის სინდრომი

დაავადების აღწერა

ვოლფ–პარკინსონ–უაითის სინდრომის დროს, არსებობს ზედმეტი ელექტრული გზა გულის ზედა საკნებსა (წინაგულები) და ქვედა საკნებს (პარკუჭები) შორის, რაც იწვევს გულისცემის აჩქარებას– ტაქიკარდიას.

ზედმეტი ელექტრული გზა დაბადებიდან არსებობს და საკმაოდ იშვიათია. ვოლფ–პარკინსონ–უაითის სინდრომი 100 000–დან 4 ადამიანს აქვს. ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მათ შორის ახალშობილი, შეიძლება ავლენდეს სინდრომის სიმპტომებს. უმეტესად, სიმპტომური გამოვლინებები 11–დან 50 წლამდე იწყება.

გულისცემის აჩქარების ეპიზოდები ძირითადად არ არის სიცოცხლისათვის საშიში, მაგრამ გულის მძიმე დაავადებების რისკი მაღალია. ვოლფ–პარკინსონ–უაითის სინდრომის მკურნალობა მიზნად ისახავს ტაქიკარდიის ეპიზოდების შემცირებას და პრევენციას. კათეტერით მიმდინარე პროცედურა, აბლაცია, გამოიყენება რითმის პრობლემების გადასაჭრელად.

გამომწვევი მიზეზი

ვოლფ–პარკინსონ–უაითის სინდრომის დროს, ზედმეტი, დამატებითი, ელექტრული გზა მდებარეობს გულის ზედა საკნებს– წინაგულებსა და ქვედა საკნებს– პარკუჭებს შორის. ეს გზა იწვევს გულისცემის აჩქარებას– ტაქიკარდიას. დამატებითი გზა დაბადებიდან არსებობს. დეფექტური გენი, ანუ გენუტი მუტაცია პასუხისმგებელია ამ სინდრომზე პაციენტთა მცირე ნაწილში. ვოლფ–პარკინსონ–უაითის სინდრომი ასევე ასოცირდება სხვა თანდაყოლილ დაავადებებთან, როგორიცაა ებშტეინის ანომალია. სხვამხრივ, უცნობია, რა იწვევს ამ დამატებითი გზის გაჩენას ზოგიერთ ადამიანში.

ნორმალური ელექტრული იმპულსები

გული შედგება ოთხი საკნისაგან– ორი ზედა საკანი– წინაგულები და ორი ქვედა საკანი– პარკუჭები. გულის რითმი ნორმაში კონტროლდება სინუსური კვანძიდან, უჯრედთა გროვიდან მარჯვენა წინაგულში. სინუსური კვანძი პასუხისმგებელია ელექტრული იმპულსების წარმოქმნაზე, რომელიც თითოეული შეკუმშვის წინაპირობაა.

ეს ელექტრული იმპულსები ვრცელდებიან წინაგულებში, იწვევენ კუნთის შეკუმშვას, რის შედეგადაც სისხლი ჩადის ქვედა საკნებში, პარკუჭებში. ამის შემდეგ, იმპულსები ხვდებიან ატრიოვენტრიკულურ კვანძში, რომლის საშუალებითაც იმპულსი უნდა გადავიდეს პარკუჭებზეც. ეს კვანძი მცირე ხნით აყოვნებს სიგნალს, სანამ იმპულსი პარკუჭს მიაღწევს. ამ დაყოვნების შედეგად, პარკუჭები ასწრებენ სისხლით ავსებას, სანამ მოვა ბრძანება მათი შეკუმშვის და სისხლის გადატუმბვის შესახებ. როცა ელექტრული იმპულსი მიაღწევს პარკუჭამდე, კუნთი შეიკუმშება და სისხლი გადავა ფილტვებში და ორგანიზმის ყველა ნაწილში.

ელექტრული პათოლოგიები ვოლფ–პარკინსონ–უაითის სინდრომის დროს

ვოლფ–პარკინსონ–უაითის სინდრომის დროს, ზედმეტი ელექტრული გზა აერთებს წინაგულებსა და პარკუჭებს, რაც საშუალებას აძლევს იმპულსს, გვერდი აუაროს ატრიოვენტრიკულურ კვანძს. როცა იმპულსი ამ დამატებით გზას იყენებს, პარკუჭები ზედმეტად ადრე აქტიურდება– პრე–აღგზნება.

ზედმეტი ელექტრული გზა იწვევს რითმის ორი მთავარი ტიპის დარღვევას:

  • წრიული ელექტრული იმპულსები. ვოლფ–პარკინსონ–უაითის სინდრომის დროს, გულის ელექტრული იმპულსები ან ნორმალური, ან დამატებითი გზის საშუალებით აღწევს პარკუჭებამდე, რაც ქმნის იმპულსების გადაცემის წრიულ ფორმას. ეს მდგომარეობა იწვევს პარკუჭებამდე იმპულსების ჭარბ მისვლას. შედეგად, პარკუჭები ზედმეტად ხშირად იკუმშება, რაც ვლინდება გულისცემის აჩქარებით.
  • ელექტრული იმპულსების არაორგანიზებულობა. თუ ელექტრული იმპულსი არ დაიწყო მარჯვენა წინაგულში, შესაძლებელია იმპულსის წინაგულებს შორის არაორგანიზებული გავრცელება, რაც იწვევს წინაგულების ხშირ შეკუმშვას – წინაგულოვან ფიბრილაციას. სიგნალების არაორგანიზებულობა და ვოლფ–პარკინსონ–უაითის სინდრომის დროს არსებული დამატებითი გზა იწვევს პარკუჭების შეკუმშვების გახშირებასაც. შედეგად, პარკუჭი ვერ ასწრებს სითხით ავსებას და ვერ აწოდებს ორგანიზმს საკმარის სისხლს.

სიმპტომები

ვოლფ–პარკინსონ–უაითის სინდრომის სიმპტომები გამოწვეულია გულისცემის აჩქარებით. სიმპტომები ძირითადად 20 წლის ასაკისათვის ვლინდება. ვოლფ–პარკინსონ–უაითის სინდრომის ხშირი ნიშნებია:

  • სწრაფი, ფრიალისებრი, ძლიერი გულისცემა– პალპიტაცია
  • თავბრუსხვევა
  • გულის წასვლის შეგრძნება
  • გონების დაკარგვა
  • ვარჯიშის დროს ადვილად დაღლა
  • შფოთვა



გულისცემის აჩქარების ეპიზოდი შეიძლება უეცრად დაიწყოს და მხოლოდ რამდენიმე წამს ან რამდენიმე საათს გაგრძელდეს. ეპიზოდები ხშირია ვარჯიშის დროს. კოფეინი ან სხვა სტიმულანტი, ასევე ალკოჰოლი, იწვევს ეპიზოდს ზოგიერთ პაციენტში. დროთა განმავლობაში, სიმპტომები ქრება პაციენტების დაახლოებით 25%–ში.

სიმპტომები უფრო მძიმე შემთხვევებში

ვოლფ–პარკინსონ–უაითის სინდრომის მქონე პაციენტთა 10–30% განიცდის არითმიის ერთ–ერთ ტიპს, წინაგულოვან ფიბრილაციას. ამ ადამიანებში, დაავადების გამოვლენილი სიმპტომებია:

  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • მოჭერითი შეგრძნება გულმკერდის არეში
  • სუნთქვის გაძნელება
  • იშვიათად, უეცარი სიკვდილი



სიმპტომები ახალშობილებში

ვოლფ–პარკინსონ–უაითის სინდრომის სიმპტომები ახალშობილებში:

  • სუნთქვის უკმარისობა
  • აქტივობის დაქვეითება
  • კვების დაქვეითება
  • სწრაფი გულისცემა, შეკუმშვები ხილულია გულმკერდზე დაკვირვებით



ასიმპტომატური დაავადება

გულის დამატებითი ელექტრული გზების მქონე ადამიანთა უმეტესობა არასდროს განიცდის ტაქიკარდიულ ეპიზოდებს ან სხვა სიმპტომებს. ამ მდგომარეობას ეწოდება ვოლფ–პარკინსონ–უაითის ფორმა და მხოლოდ შემთხვევით აღმოჩნდება ხოლმე გულის სხვა მიზეზით გამოკვლევის დროს. ვოლფ–პარკინსონ–უაითის ეს ფორმა უვნებელა ადამიანებისთვის. ექიმებმა შესაძლოა მეტი კვლევები დანიშნონ, რათა სინდრომი ზუსტად შეფასდეს, განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებიც მაღალი ინტენსივობის სპორტულ აქტივობებში არიან ჩართული.


როდის მივმართოთ ექიმს

რამდენიმე მდგომარეობაა ასოცირებული არითმიასთან. მნიშვნელოვანია დროული, სწორი დიაგნოზი და მკურნალობა. კითხეთ ექიმს, რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ ბავშვს აქვს ვოლფ–პარკინსონ–უაითის სინდრომთან ასოცირებული ნიშნები ან სიმპტომები.

დარეკეთ 112–ზე იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი რამდენიმე წუთზე მეტხანს გაქვთ:

  • სწრაფი, არარეგულარული გულისცემა
  • სუნთქვის გაძნელება
  • ტკივილი გულმკერდის არეში