ვულგარული (ჩვეულებრივი) იქთიოზი

დაავადების აღწერა

ვულგარული (ჩვეულებრივი) იქთიოზი არის კანის მემკვიდრული დაავადება, რომლის დროსაც კანის მკვდარი უჯრედები გროვდება და წარმოქმნის ქერცლებს კანზე.

ვულგარული იქთიოზის დროს განვითარებულ ქერცლს თევზის ქერცლს ეძახიან. იგი შეიძლება დაბადებისთანავე არსებობდეს, თუმცა ყველაზე ხშირად ადრეულ ბავშვობაში ჩნდება. ხანდახან ვულგარული იქთიოზის მსუბუქი ფორმების დიაგნოზირება არ ხდება რადგან იგი ეშლებათ მშრალ კანში.

ვულგარული იქთიოზის შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია, თუმცა ზოგიერთი მწვავეა. ხანდახან კანის სხვა დაავადებები, მაგალითად კანის ალერგიული დაავადება, ეგზემა, დაკავშირებულია ვულგარული იქთიოზთან. ვულგარული იქთიოზის განკურნება შეუძლებელია და მკურნალობა ეფუძნება დაავადების კონტროლს.

გამომწვევი მიზეზი

ვულგარული იქთიოზს ხშირად იწვევს გენეტიკური მუტაცია, რომელსაც ადამიანი ერთი ან ორივე მშობლისგან იღებს. ბავშვებს, რომლებიც იღებენ მხოლოდ ერთ დეფექტურ გენს, შედარებით მსუბუქი ფორმა უვითარდებათ, ხოლო ორი დეფექტური გენის მქონე ბავშვებს მწვავე ვულგარული იქთიოზი უვითარდებათ. ვულგარული იქთიოზის მემკვიდრული ფორმის მქონე ბავშვებს დაბადებისას კანი ჯანმრთელი აქვთ, თუმცა სიცოცხლის პირველ წლებშივე უვითარდებათ ქერცლი და სიუხეშე.

თუ ვულგარული იქთიოზი გენეტიკური ფაქტორებით არაა გამოწვეული, მას შეძენილი ვულგარული იქთიოზი ეწოდება. ეს იშვიათი ფორმა ზრდასრულობის ასაკში ჩნდება. იგი ხშირად სხვა დაავადებასთან, მაგალითად სიმსივნესთან, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებასთან და აივ/შიდსთანაა დაკავშირებული.

სიმპტომები

ვულგარული იქთიოზი ანელებს კანის აქერცვის პროცესს. შედეგად წარმოიქმნება ცილების მუდმივი, ჭარბი დაგროვება კანის ზედა ფენებში (კერატინი). სიმპტომებია:

  • მშრალი, ქერცლიანი კანი
  • ფილების მსგავსი, პატარა ქერცლები
  • თეთრი, ნაცრისფერი ან ყავისფერი ქერცლი, რომელიც უფრო მუქია მუქ კანის ფერებში
  • ქერტლიანი სკალპი
  • ღრმა, მტკივნეული კანის დაზიანებები



ქერცლი ჩნდება იდაყვებზე და ფეხის ქვედა ნაწილებზე და შეიძლება განსაკუთრებით სქელი და მუქი იყოს წვივებზე. ვულგარული იქთიოზის შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია, თუმცა ზოგიერთი მწვავეა. სიმპტომების სიმწვავე განსხვავებულია დაავადების მქონე სხვადასხვა ოჯახის წევრშიც კი.

სიმპტომები ჩვეულებრივ უარესდება ან უფრო გამოიკვეთება ცივ, მშრალ გარემოში და უმჯობესდება ან ქრება თბილ, ნესტიან გარემოში.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ეჭვობთ, რომ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ იქთიოზი, მიმართეთ თქვენს ოჯახის ექიმს ან დერმატოლოგს. მას შეუძლია დიაგნოზის დასმა დამახასიათებელი ქერცლის ნახვისას. აგრეთვე მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება თვითმკურნალობის შედეგად. თქვენ შეიძლება უფრო ძლიერი მედიკამენტები გჭირდებათ მდგომარეობის სამართავად.