წითურა

დაავადების აღწერა

წითურა, იგივე გერმანული წითელა ან სამდღიანი წითელა, გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომელსაც დამახასიათებელი წითელი გამონაყარი ახლავს თან.

წითურა და წითელა განსხვავებული დაავადებებია, თუმცა ამ ორ ავადმყოფობას ბევრი რამ აქვს საერთო, მათ შორის წითელი გამონაყარი. ამის მიუხედავად, წითურა განსხვავებული ვირუსითაა გამოწვეული და არ არის იმდენად გადამდები და საშიში, როგორც წითელა.

წწყ– წითელა, წითურა, ყბაყურა ვაქცინა, რომელიც ბავშვებს სკოლის ასაკამდე ორჯერ მიეცემათ, საკმაოდ ეფექტურია წითურას პრევენციისათვის.

ვაქცინის გავრცელებული გამოყენების გამო, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გამოაცხადა წითურა განადგურებულად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ კვლავ ურჩევს მშობლებს აცრან ბავშვები.

გამომწვევი მიზეზი

წითურას გამომწვევი მიზეზი ვირუსია, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება. ვირუსი გადაგედებათ დაინფიცირებული ადამიანის ხველების, ცემინების, ლორწოვანი ნაწილაკების პირდაპირი შეხების შედეგად. ვირუსის გავრცელება შესაძლებელია ორსულ ქალებში, დედიდან ნაყოფზე, სისხლისმიერი გზით.

წითურას მქონე ადამიანი ვირუსს ავრცელებს ავადმყოფობამდე 10 დღით ადრე და გამოკეთებიდან 2–3 კვირის განმავლობაში. დაინფიცირებული ადამიანი იქამდეც ავრცელებს ავადმყოფობას, სანამ მიხვდება, რომ ავადაა.

წითურა იშვიათია აშშ–ში, რადგან ბავშვების უმეტესობა იღებს წწყ ვაქცინას ადრეულ ასაკში. წითურას შემთხვევები ასეთ ქვეყნებში ძირითადად აცრის გარეშე მიგრირებულ ადამიანებში ფიქსირდება, უცხო ქვეყნებიდან.

დაავადება კვლავ ხშირია მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში. წითურას სიხშირე სხვა ქვეყნებში უნდა გაითვალისწინოთ მოგზაურობის დროს, განსაკუთრებით თუ ორსულად ხართ.

სიმპტომები

წითურას ნიშნები და სიმპტომები ზოგჯერ ისეთი უმნიშვნელოა, რომ შემჩნევაც კი რთულია, განსაკუთრებით ბავშვებში. თუ ნიშნები და სიმპტომები გამოვლინდა, ზოგადად 2–3 კვირის შემდეგ ჩნდება დაინფიცირებიდან. სიმპტომები ტიპიურად 2–3 დღეს გასტანს და შესაძლოა მოიცავდეს:

  • მსუბუქი ცხელება– 38,9 ან ნაკლები
  • თავის ტკივილი
  • ცხვირის ღრუს დაცობა ან გამონადენი
  • თვალების შეწითლება
  • გადიდებული, მტკივნეული ლიმფური კვანძები კისერთან, კისრის უკან და ყურების უკან
  • ვარდისფერი გამონაყარი, რომელიც იწყება სახეზე და მალევე ვრცელდება ტანზე, შემდეგ კი კიდურებზე, სანამ იმავე თანმიმდევრობით ალაგდება
  • სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ქალებში



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ რომ თქვენ ან თქვენს შვილს შეიძლება გადაგდებოდათ წითურა ან გამოვლინდა რომელიმე ზემოთხსენებული ნიშანი.

თუ აპირებთ დაორსულებას, შეამოწმეთ თქვენი ვაქცინაციების ჩანაწერები, რათა წწყ ვაქცინა ნამდვილად მიღებული გქონდეთ. თუ ორსულ ქალს წითურა გადაედო, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, ვირუსმა შესაძლოა ნაყოფის სიკვდილი ან მძიმე დეფექტები გამოიწვიოს. წითურა ორსულობის დროს თანდაყოლილი სიყრუის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. აუცილებელია წითურისაგან თავის დაცვა ორსულობამდე.

თუ ორსულად ხართ, გაივლით რუტინულ სკრინინგს წითურას მიმართ იმუნიტეტის შესახებ. თუ არ მიგიღიათ ვაქცინა და ფიქრობთ, რომ შეიძლება ინფექცია გადაგედოთ, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ. სისხლის ტესტით შესაძლებელია იმუნიტეტის განსაზღვრა.