ყაბზობა ბავშვებში

დაავადების აღწერა

ყაბზობა ბავშვებში ხშირი პრობლემაა. ასეთ დროს ბავშვს აქვს დეფეკაციის ინტერვალების გახანგრძლივება და გამაგრებული, მშრალი განავალი.

სხვადასხვა ფაქტორია პასუხისმგებელი ყაბზობის განვითარებაზე. ყველაზე ხშირი მიზეზებია ნაადრევი მიჩვევა ტუალეტზე და დიეტის ცვლილებები. საბედნიეროდ, ყაბზობის პერიოდები ბავშვებში უმეტესად დროებითია.

ბავშვის კვების რაციონში ბოჭკოვანით მდიდარი ხილის და ბოსტნეულის, ან მეტი სითხის ჩართვა შესაძლოა საკმარისი იყოს ყაბზობის პრობლემის მოსაგვარებლად. თუ თქვენი ბავშვის ექიმიც თანახმაა, ზოგჯერ ყაბზობას განავლის გამათხელებლებითაც მკურნალობენ.

გამომწვევი მიზეზი

ყაბზობა ყველაზე ხშირად მაშინ ხდება, როცა განავალი ძალიან ნელა მოძრაობს მომნელებელ სისტემაში, რაც მას გამაგრებულსა და მშრალს ხდის.

მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს ბავშვში ყაბზობის განვითარებას:

  • თავის შეკავება. ბავშვმა შესაძლოა უგულებელყოს დეფეკაციის მოთხოვნილება, რადგან მას ეშინია ამ პროცესის ან არ უნდა, თამაში შეწყვიტოს. ზოგიერთი ბავშვი თავს იკავებს სახლიდან შორის, რადგან საერთო ტუალეტების გამოყენება არ უნდა. მტკივნეული დეფეკაცია გამოწვეულია დიდი ზომის, გამაგრებული განავლით, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს თავის შეკავება. თუ დეფეკაციის დროს ბავშვს ტკივა, ის ეცდება ამ სტრესული მომენტის თავიდან აცილებას.
  • ნაადრევი მიჩვევა ტუალეტზე. თუ ნაადრევად დაიწყებთ ბავშვის მიჩვევას ტუალეტში დამოუკიდებლად შესვლაზე, მან შესაძლოა პროტესტის ნიშნად შეიკავოს განავალი. ასეთ დროს, გააზრებული გადაწყვეტილება შეკავების შესახებ შესაძლოა უნებლიე მოქმედებაში გადაიზარდოს და ბავშვს დეფეკაცია გაუჭირდეს.
  • ცვლილებები კვების რაციონში. არასაკმარისი ბოჭკოთი მდიდარი ხილი და ბოსტნეული ან სითხე შესაძლოა გახდეს ყაბზობის მიზეზი. ხშირად, ყაბზობა მაშინ იწყება, როცა თხიერი დიეტიდან ბავშვი მაგარ საკვებზე გადაგყავთ.
  • რუტინული ცვლილებები. ბავშვის ყოველდღიურობის ცვლილება, როგორიცაა მოგზაურობა, ამინდი ან სტრესი, გავლენას ახდენს ნაწლავურ ფუნქციაზე. ბავშვებს ხშირად აქვთ ყაბზობა როცა პირველას მიდიან სკოლაში ან ტოვებენ სახლს.
  • მედიკამენტები. გარკვეული ანტიდეპრესანტები და სხვა პრეპარატები იწვევენ ყაბზობას.
  • ალერგია ძროხის რძეზე. ალერგია ძროხის რძეზე ან ჭარბი რაოდენობით რძის პროდუქტების მიღება ზოგჯერ იწვევს ყაბზობას.



ოჯახური ისტორია. ბავშვები, რომელთა ოჯახის წევრები განიცდიან ყაბზობის პრობლემას, უფრო ხშირად დგანან იმავე პრობლემის წინაშე. ეს შესაძლოა საზიარო გენეტიკური ან გარემო ფაქტორების გამოწვეული იყოს.

სხვა დაავადებები. იშვიათად, ყაბზობა ბავშვებში მიანიშნებს ანატომიურ მალფორმაციაზე, მეტაბოლურ ან მომნელებელ პრობლემაზე ან სხვა რაიმე დაავადებაზე.

სიმპტომები

ბავშვებში ყაბზობის ნიშნები და სიმპტომებია:

  • კვირაში 3ზე ნაკლები დეფეკაცია
  • გამაგრებული, მშრალი განავალი, გაძნელებული დეფეკაცია
  • ტკივილი დეფეკაციის დროს
  • მუცლის ტკივილი
  • გულისრევის შეგრძნება
  • სითხის ან თიხის მსგავსი ლაქები ბავშვის საცვლებზე– ნიშანი, რომ განავალი დაგროვილია სწორ ნაწლავში
  • სისხლიანი განავალი
  • თუ ბავშვი ფიქრობს, რომ დეფეკაციისას შესაძლოა ეტკინოს, მან შეიძლება თავი აარიდოს დეფეკაციას. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ბავშვი ამ დროს ფეხებს გადააჯვარედინებს, დუნდულებს ჭიმავს, სხეულს პოზიციას უცვლის ან გარკვეულ მიმიკას იღებს.

როდის მივმართოთ ექიმს

ყაბზობა ბავშვებში ძირითადად უვნებელია, თუმცა, ქრონიკული ყაბზობა შესაძლოა გართულდეს ან იყოს სხვა რაიმე დაავადების ნიშანი. წაიყვანეთ ბავშვი ექიმთან თუ ყაბზობა გასტანს 2 კვირაზე მეტს ან მას თან ახლავს:

  • სიცხე
  • ღებინება
  • სისხლიანი განავალი
  • მუცლის შებერილობა
  • წონაში კლება
  • მტკივნეული დაზიანებები ანუსის გარშემო
  • ნაწლავური პროლაფსი ანუსში– სწორი ნაწლავის პროლაფსი