ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი მოზრდილებში

დაავადების აღწერა

მოზრდილთა ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი ფსიქიატრიული მდგომარეობაა, რომელიც გამოიხატება კონცენტრირების უნარის დაქვეითებითა და ჰიპერაქტიური, იმპულსური ქცევით. სიმპტომები ხშირად დაბრკოლებებს უქმნის პაციენტს, როგორიცაა არასტაბილური ურთიერთობები, წარუმატებლობა სკოლაში ან სამსახურში, დაბალი თვითშეფასება.

ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი ყოველთვის ბავშვობაში იწყება, თუმცა შესაძლოა მისი დიაგნოსტირება არ მოხდეს მოზრდილ ასაკამდე. ერთხანს ფიქრობდნენ, რომ ეს სინდრომი მხოლოდ ბავშვებში გვხვდებოდა, თუმცა სიმპტომები ხშირად იჩენს თავს მოზრდილ ასაკშიც. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება შესაბამისი მკურნალობის ფონზე.

მკურნალობა ბავშვობისა და მოზრდილობის ფორმებში ანალოგიურია: სტიმულანტი მედიკამენტები, ფსიქოლოგიური თერაპია და სხვა მენტალური პრობლემების მკურნალობა.

გამომწვევი მიზეზი

სინდრომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, ტარდება გარკვეული კვლევები.

მიჩნეულია, რომ ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომის განვითარებაში მრავალი ფაქტორია ჩართული. სინდრომი შესაძლოა იყოს მემკვიდრეობითი. გარკვეული გარემო–ფაქტორებიც ასრულებენ როლს, ისევე, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები.

სიმპტომები

ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომს ადრე მხოლოდ ყურადღების დეფიციტის სინდრომს უწოდებდნენ. ტერმინი შეიცვალა, რადგან იგი აღწერს სინდრომის ორ მთავარ კომპონენტს: კონცენტრირების უნარის ნაკლებობასა და ჰიპერაქტიურ, იმპულსულ ქცევას.

მოზრდილთა ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომის სიმპტომებია:

  • კონცენტრაციის უნარის დარღვევა
  • მოუსვენრობა
  • იმპულსურობა
  • დავალებების შესრულების უნარის დაქვეითება
  • არაორგანიზებულობა სხვადასხვა დავალების შესრულების ან აქტივობის დროს
  • მარტივი გაღიზიანებადობა
  • განწყობის ხშირი ცვალებადობა
  • მოთმინების უნარის დაქვეითება
  • სტრესის აუტანლობა
  • არასტაბილური ურთიერთობები


ბევრი მოზრდილი ვერ ხვდება, რომ ყურადღების დეფიციტის სინდრომი აქვს, მათ უბრალოდ გონიათ, რომ ყოველდღიური აქტივობები რთული და დამღლელია. ასეთი მოზრდილები პრიორიტეტებს არ მიჰყვებიან, რაც იწვევს ხშირ დაგვიანებას, გულმავიწყობასა და სოციალურ დისფუნქციას. იმპულსურობის გამოვლინება ლოდინის აუტანლობით ან ხასიათის სწრაფი ცვალებადობით გვხვდება.

ყველა მოზრდილი, რომელსაც აქვს ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი, ასევე იყო დაავადებული ამ სინდრომით ბავშვობაში, თუმცა შესაძლოა დიაგნოსტირება არ მოხდა. ზოგიერთ პაციენტს ასაკის მატებასთან ერთად სიმპტომები უმსუბუქდება, ზოგიერთს კი იმავე სიმძიმის სიმპტომები რჩება.

რა არის ნორმალური ქცევა და რა განსხვავებებია ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომის დროს?

თითქმის ყველას ქონია ყურადღების დეფიციტის მსგავსი სინდრომები ცხოვრებაში ერთხელ მაინც. თუ მსგავსი სიმპტომები ახლახანს გაგიჩნდათ ან ცოტა ხნით გქონდათ წარსულში, თქვენ არ გაქვთ ეს სინდრომი. ყურადღების დეფიციტის სინდრომის დიაგნოზი მხოლოდ მაშინ ისმება, თუ სიმპტომები იმდენად მძიმეა, რომ ცხოვრების რამდენიმე კომპონენტში გიშლით ხელს. ეს სიმპტომები აუცილებლად დაკავშირებულია ბავშვობის ნიშნებთან.

სინდრომის დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია, რადგან მისი სიმპტომები წააგავს მოზრდილთა სხვა დაავადებებს, როგორიცაა შფოთვის ან განწყობის დაავადებები. ამასთან, ასეთ მოზრდილებს თანმხლები ფსიქიატრიული პრობლემებიც ხშირად აქვთ, მაგ.: დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა და იმპულსური ქცევა ხანგრძლივად გიშლით ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ესაუბრეთ ექიმს თქვენი მდგომარეობის შესახებ. რადგან სიმპტომები წააგავს სხვა ფსიქიატრიულ დარღვევებს, შეიძლება არ გქონდეთ სინდრომი, მაგრამ გქონდეთ სხვა მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს მკურნალობას.