ყურის "დაგუბება" ტრანსპორტში
დაავადების აღწერა
ყურის დაგუბებას შუა ყურის სტრუქტურებზე (მაგ.: დაფის აპკი) წნევითი ზეწოლა იწვევს, როდესაც წნევა შუა ყურში და ყურის გარეთ, გარემოში ბალანსირებული არ არის. ყურის დაგუბება შესაძლოა იგრძნოთ თვითმფრინავის აფრენისას ან პირიქით, დაფრენისას. სიმაღლის ასეთი სწრაფი ცვლილება წნევით სხვაობას იწვევს, შედეგად გიგუბდებათ ყური.
ყურის დაგუბებას ასევე უწოდებენ ყურის ბაროტრავმას, შუა ყურის ბაროტიტს ან შუა ყურის აეროტიტს.
ძირითადად, დაგუბება მარტივი მეთოდებით გაივლის, როგორიცაა დამთქნარება, ნერწყვის გადაყლაპვა ან საღეჭი რეზინის გამოყენება. ყურის დაგუბების მძიმე შემთხვევებს კი ექიმის ჩარევა ესაჭიროება.
გამომწვევი მიზეზი
ყურის დაგუბების დროს გარემოსა და შუა ყურში არსებული წნევების სხვაობა იწვევს დაფის აპკის ნორმალური ვიბრაციული მოძრაობების შეცვლას. წნევის რეგულაცია ვიწრო მილის, ევსტაქის ლულის საშუალებით ხორციელდება. ევსტაქის ლულის ერთი ბოლო შუა ყურს უკავშირდება, ხოლო მეორე ცხვირის ღრუს უკანა ნაწილში, ნაზოფარინქსსში იხსნება.
როცა თვითმფრინავი აფრინდება ან დაეშვება, გარემოში წნევა სწრაფად იცვლება, ხოლო ევსტაქის ლულა ვერ ახდენს ამ ცვლილების დროულ აღქმას. ყლაპვა ან მთქნარება ააქტიურებს კუნთებს, რომლებიც ხსნიან ევსტაქის ლულას. შედეგად, რეგულირდება წნევა შუა ყურში და ქრება დაგუბების სიმპტომები.
ყურის ბაროტრავმას ასევე იწვევს:
- წყალქვეშა ყვინთვა
- ჰიპერბარიული ჟანგბადის საკნები
- აფეთქებები
ბაროტრავმის მსუბუქი შემთხვევა შეიძლება გქონდეთ ძალიან მაღალ შენობებში ლიფტით მგზავრობისას ან მთებში ავტომობილით ასვლისას.
სიმპტომები
ყურის დაგუბება ერთ ან ორივე ყურში შეიძლება მოხდეს. სიმპტომები და ნიშნებია:
- საშუალო სიმძიმის დისკომფორტი ან ტკივილი ყურში
- ავსების, მასის შეგრძნება ყურში
- სმენის უნარის მსუბუქი დაქვეითება
თუ დაგუბება მძიმეა და რამდენიმე საათზე მეტს გასტანს, შესაძლოა გქონდეთ:
- ძლიერი ტკივილი
- წნევის შეგრძნება ყურში, როგორც წყალქვეშ
- საშუალო ან მძიმე სმენითი დარღვევა
- ხმაური, შრიალი ყურში
- ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
- ვერტიგოს გამო ღებინება
- სისხლდენა ყურიდან
როდის მივმართოთ ექიმს
ძირითადად, ყურის დაგუბების მკურნალობას თავადაც შეძლებთ. თუ დისკომფორტი ან სმენის დაქვეითება რამდენიმე საათზე მეტს გასტანს ან გაქვთ უფრო მძიმე სიმპტომები, საუკავშირდით ექიმს.