ყვითელი ცხელება

დაავადების აღწერა

ყვითელი ცხელება არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ვრცელდება კოღოს საშუალებით. ინფექცია გვხვდება აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ნაწილებში.

მსუბუქი შემთხვევების დროს ყვითელი ცხელება იწვევს ტემპერატურის მომატებას, თავის ტკივილს, გულისრევას და პირღებინებას. ყვითელი ცხელება შეიძლება დამძიმდეს და გამოწივიოს გულის, თირკმლის, ღვიძლის პრობლემები და სისხლდენა. ყვითელი ცხელების მძიმე ფორმის მქონე ადამიანების თითქმის ნახევარი კვდება.

არ არსებობს ყვითელი ცხელების საწინააღდმეგო მკურნალობის მეთოდი. ყვითელი ცხელების ვაქცინა დაგიცავთ ვირუსის გავრცელების ადგილებში მოგზაურობის დროს.

გამომწვევი მიზეზი

ყვითელ ცხელებას იწვევს ვირუსი, რომლის გადამტანია კოღო Aedes aegypti. ეს კოღო დასახლებულ პუნქტებთან ახლოს ცხოვრობს. ყვითელი ცხელების შემთხვევათა უმეტესობა ვითარდება სუბ-საჰარულ აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში.

ყვითელი ცხელების ვირუსით ყველაზე ხშირად ინფიცირდებიან ადამიანები და მაიმუნები. კოღოები ავრცელებენ ამ ვირუსებს ადამიანიდან მაიმუნში და პირიქით.

როდესაც კოღო უკბენს დაინფიცირებულ ადამიანს ან მაიმუნს, ვირუსი ხვდება მის სისხლის მიმოქცევაში და ლაგდება სანერწყვე ჯირკვლებში. როდესაც დაინფიცირებული კოღო უკბენს ადამიანს ან მაიმუნს, ვირუსი ხვდება მასპინძლის ორგანიზმში და იწვევს დაავადებას.

სიმპტომები

ვირუსის შემოჭრიდან 3-6 დღის განმავლობაში არ გექნებათ ნიშნები და სიმპტომები (ინკუბაციური პერიოდი). ამის შემდეგ ინფექცია გადადის მწვავე ფაზაში და, იშვიათად, ტოქსიკურ ფაზაში, რომელმაც შეიძლება სიცოცხლეს შეუქმნას საფრთხე.

მწვავე ფაზა

მწვავე ფაზის დროს გვხვდება შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • ტემპერატურის მომატება
  • თავის ტკივილი
  • ზურგის და მუხლების კუნთების ტკივილი
  • სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა
  • გულისრევა, პირღებინება ან ორივე
  • მადის დაკარგვა
  • თავბრუსხვევა
  • თვალების, სახის ან ენის სიწითლე



ეს ნიშნები და სიმპტომები როგორც წესი რამდენიმე დღეში ქრება.

ტოქსიკური ფაზა

მწვავე ფაზის ნიშნების და სიმპტომების გაქრობიდან 1-2 დღეში ყვითელი ცხელება შეიძლება ტოქსიკურ ფაზაში გადავიდეს. ტოქსიკური ფაზის დროს ბრუნდება მწვავე ფაზის სიმპტომები და მათ ემაება ახალი, სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომები. ესენია:

  • კანის და თვალის შეყვითლება (სიყვითლე)
  • მუცლის ტკივილი და პირღებინება, ხანდახან სისხლიანი
  • შარდვის შემცირება
  • სისხლდენა ცხვირიდან, პირიდან ან თვალებიდან
  • გულისცემის შენელება (ბრადიკარდია)
  • ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა
  • ტვინის დისფუნქცია, მათ შორის დელირიუმი, გულყრება და კომა
  • ტოქსიკური ფაზა შეიძლება ფატალური იყოს.



როდის მივმართოთ ექიმს

მოგზაურობამდე

თუ აპირებთ ყვითელი ცხელების რომელიმე კერაში მოგზაურობას, მიმართეთ ექიმს 4 ან მეტი კვირით ადრე. ექიმი გეტყვით გჭირდებათ თუ არა ვაქცინა.

მაინც მიმართეთ ექიმს თუ მოგზაურობამდე 4 კვირაზე ნაკლებია. იდეალურ შემთხვევაში სასურველია ვაქცინაციიდან 3-4 კვირაში მოგზაურობა რათა ვაქცინამ მაქსიმალურად იმოქმედოს.

მოგზაურობის შემდეგ

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ იმოგზაურეთ ყვითელი ცხელების კერაში და გაქვთ ტოქსიკური ფაზის ნიშნები და სიმპტომები.
მიმართეთ ექიმს თუ ყვითელი ცხელების კერაში მოგზაურობის შემდეგ გაქვთ მსუბუქი სიმპტომები.