ზღვრული პიროვნული აშლილობა

დაავადების აღწერა

ზღვრული პიროვნული აშლილობა ფსიქიკური დარღვევაა, რომელიც წარმოშობს მნიშვნელოვან ემოციურ არასტაბილურობას. აშლილობა სტრესულ მდგომარეობასა და ქცევით პრობლემებს იწვევს.

ზღვრული პიროვნული აშლილობის დროს ადამიანს დაქვეითებული აქვს თვითშეფასების განცდა, ფიქრობს, რომ არაფრად არ ღირს მისი არსებობა და რომ ბევრი ნაკლი აქვს. ბრაზი, იმპულსურობა და განწყობის ხშირი ცვლილება სხვა ადამიანებისაგან გამოყოფას იწვევს, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს სურს ნორმალური გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება სხვებთან.

თუ გაქვთ ზღვრული პიროვნული აშლილობა, არ დანებდეთ თქვენს მდგომარეობას. ადამიანები ამ პრობლემით სწორი მკურნალობის ფონზე უკეთ გრძნობენ თავს და ნორმალურად ცხოვრობენ.

გამომწვევი მიზეზი

როგორც სხვა აშლილობების დროს, ზღვრული აშლილობის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. ექსპერტები თანხმდებიან, რომ აშლილობა გარკვეული ფაქტორების კომბინაციის შედეგია. ფაქტორები, რომლებიც თამაშობენ გარკვეულ როლს მოიცავს:

  • გენეტიკა. ტყუპებსა და ოჯახებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ზღვრული პიროვნული აშლილობა შესაძლოა იყოს მემკვიდრული ან უკავშირდებოდეს ოჯახში არსებულ სხვა ფსიქიკურ დარღვევას.
  • გარემო ფაქტორები. ზღვრული პიროვნული აშლილობით დაავადებული პაციენტების დიდ ნაწილს აქვს გადატანილი ბავშვობისდროინდელი ტრავმა, ძალადობა, უარყოფა ან დაშორება ახლო ადამიანთან.
  • თავის ტვინის დარღვევები. კვლევები გვიჩვენებს, რომ თავის ტვინის ზოგიერთ არეში მიმდინარე ცვლილებები ეხება ემოციების რეგულაციას, იმპულსიურობასა და აგრესიას. ასევე, ტვინის კონკრეტული ქიმიური ნივთიერებები გვეხმარება განწყობის რეგულაციაში. ასეთი ნივთიერებები, მაგალითად სეროტონინი, შესაძლოა სწორად ვერ ფუნქციონირებდეს აშლილობის დროს.

სიმპტომები

ზღვრული პიროვნული აშლილობა ცვლის საკუთარი თავის აღქმის უნარს, სხვებთან ურთიერთობებსა და ქცევას.

ზღვრული პიროვნული აშლილობის შესაძლო ნიშნები და სიმპტომებია:

  • იმპულსური, უპასუხისმგებლო ქცევა, როგორიცაა მანქანის რისკიანი მართვა, დაუცველი სქესობრივი კავშირები, აზარტული თამაშები ან უკანონო ნარკოტიკების მოხმარება
  • საკუთარი თავის მიმართ ზიანის მიყენება მაშინაც კი, როცა ადამიანი ამას იაზრებს
  • უჩვეულოდ მძაფრი ცვლილებები განწყობაში
  • შფოთვის და დეპრესიის მოკლევადიანი, მაგრამ მძიმე ეპიზოდები
  • უჩვეულო ბრაზი და ანტაგონისტური ქცევა, ზოგჯერ გადაიზრდება ფიზიკურ ჩხუბში
  • ემოციებისა და იმპულსების კონტროლის უნარის დაკარგვა
  • სუიციდური ქცევა
  • შეგრძნება, რომ სხვები ვერ უგებენ, უარყოფენ. უიმედობის, სიცარიელის შეგრძნება
  • მარტო დარჩენის შიში
  • საკუთარი თავის სიძულვილი



ზღვრული პიროვნული აშლილობის დროს, დარღვეულია საკუთარი თავის შეფასების უნარი. თვითშეფასება, იდენტურობა, ხშირად სწრაფად იცვლება. შეიძლება იფიქროთ, რომ ცუდი ადამიაი ხართ ან ზოგჯერ იფიქროთ, რომ საერთოდ არ არსებობთ. საკუთარი თავის არასტაბილური აღქმა ხშირად ვლინდება სამსახურის, მეგობრების ან ღირებულებების ხშირი ცვლილებით.

აშლილობა ეხება ურთიერთობებსაც. ურთიერთობები ხშირად ძალიან არასტაბილურია. შესაძლოა ერთ დროს რომელიმე ნაცნობი ან მეგობარი იდეალურად მიგაჩნდეთ, ხოლო პატარა უთანხმოების შედეგად სრულიად შეცვალოთ დამოკიდებულება და შეიძულოთ ის ადამიანი. აშლილობის დროს რთულია “ნაცრისფერი” ღირებულებების აღქმას, ყველაფერი ან თეთრი ან შავია.

როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, დაკავშირდით ოჯახის ექიმს ან ფსიქოლოგს. მკურნალობა დაგეხმარებათ უფრო სტაბილური, ნორმალური ცხოვრების გაგრძელებაში.
  • თუ შეამჩნევთ ნიშნებსა და სიმპტომებს ოჯახის წევრს ან მეგობარს, ესაუბრეთ მას ექიმთან ვიზიტის შესახებ. რა თქმა უნდა, ვერ აიძულებთ ადამიანს, მიიღოს დახმარება. თუ მასთან ურთიერთობა თქვენც გიქმნით სტრესულ სიტუაციას, შეიძლება თქვენც მიმართოთ ფსიქოლოგს ამ მდგომარეობის უკეთ გასაკმლავებლად.