ზოლინგერ-ელისონის სინდრომი

დაავადების აღწერა

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი არის რთული დაავადება, რომლის დროსაც პანკრეასში და თორმეტგოჯა ნაწლავში წარმოიქმნება ერთი ან მეტი სიმსივნე. ამ სიმსივნეებს ეწოდებათ გასტრინომები. ისინი დიდი რაოდენობით გამოიმუშავებენ ჰორმონ გასტრინს, რომლებიც იწვევს კუჭში მჟავის გაძლიერებულ წარმოქმნას. ჭარბი მჟავა თავის მხრივ იწვევს კუჭის წყლულებს.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი იშვიათია. იგი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა უფრო ხშირია 30-50 წლის ასაკში. ზოლინგერ-ელისონის სინდრომის სამკურნალოდ გამოიყენება კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი და წყლულების შემახორცებელი მედიკამენტები.

გამომწვევი მიზეზი

ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ზუსტი მიზეზი უცნობია. სინდრომი იწყება პანკრეასში, თორმეტგოჯა ნაწლავში ან პანკრეასის ახლოს მდებარე ლიმფურ კვანძებში ერთი ან მეტი სიმსივნის წარმოქმნით.

პანკრეასი მდებარეობს კუჭის უკან და ქვემოთ. იგი წარმოქმნის საჭმლის მონელებაში მონაწილე ფერმენტებს. პანკრეასი აგრეთვე წარმოქმნის მრავალ ჰორმონს, მათ შორის გასტრინს, რომელიც არეგულირებს კუჭის მჟავის წარმოქმნას. პანკრეასის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის საჭმლის მომნელებელი წვენები ერთად იკრიბება თორმეტგოჯა ნაწლავში. სწორედ ნაწლავის ამ ნაწილში მიმდინარეობს ყველაზე აქტიურად საჭმლის მონელება.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს განვითარებული სიმსივნეები შეიცავენ უჯრედებს, რომლებიც დიდი რაოდენობით წარმოქმნიან გასტრინს. გასტრინის საპასუხოდ კუჭი წარმოქმნის ჭარბ მჟავას, რომელიც თავის მხრივ იწვევს კუჭის წყლულების განვითარებას და ფაღარათს.

სიმსივნე შეიძლება იყოს ავთვისებიანი. თვითონ სიმსივნე ნელა იზრდება, თუმცა იგი შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებში, უფრო ხშირად ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში ან ღვიძლში.

კავშირი I ტიპის მრავლობით ენდოკრინულ ნეოპლაზიასთან.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი შეიძლება გამოწვეული იყოს თანდაყოლილი მდგომარეობით, რომელსაც I ტიპის მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია (MEN I) ეწოდება. MEN I მქონე ადამიანებს აქვთ მრავლობითი სიმსივნეები ენდოკრინულ სისტემაში, მათ შორის პანკრეასში. მათ აგრეთვე შეიძლება ჰქონდეთ სიმსივნეები ფარისებრახლო ჯირკვალში და ჰიპოფიზში. გასტრინომების მქონე ადამიანების დაახლოებით 25% ისინი MEN I-ს გამო აქვთ.

სიმპტომები

ზოლინგერ-ელისის სინდრომის ნიშნები და სიმპტომებია:

  • მუცლის ტკივილი
  • ფაღარათი
  • წვა, ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში
  • მჟავის რეფლუქსი და გულძმარვა
  • გულისრევა და პირღებინება
  • სისუსტე
  • სისხლდენა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში
  • წონაში უმიზეზო კლება
  • მადის დაქვეითება
  • ანემია



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ხანგრძლივი წვა ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, განსაკუთრებით თუ მას თან ერთვის გულისრევა, პირღებინება და ფაღარათი.

მიმართეთ ექიმს თუ დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ მჟავიანობის შემამცირებელ მედიკამენტებს, მაგალითად ომეპრაზოლს, ციმეტიდინს, ფამოტიდინს ან რანიტიდინს. ამ მედიკამენტებს შეუძლიათ დამალონ სიმპტომები და გააჭიანურონ დიაგნოზირება. ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოზირება და მკურნალობა.