ზურგის ტვინის სიმსივნე
დაავადების აღწერა
ზურგის ტვინის სიმსივნე არის სიმსივნე, რომელიც ვითარდება ხერხემლის არხში ან ხერხემლის სვეტის შემადგენელ ძვლებში. იგი შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი.
ხერხემლის შემადგენელი ძვლების სიმსივნეებს ვერტებრალური სიმსივნეები ეწოდება.
სიმსივნეებს, რომელიც აღმოცენდებიან უშუალოდ ზურგის ტვინში, ზურგის ტვინის სიმსივნეები ეწოდებათ. არსებობს ზურგის ტვინის სიმსივნეების ორი ძირითადი ტიპი:
- ინტრამედულური სიმსივნეები იწყება უშუალოდ ზურგის ტვინში მდებარე უჯრედებისგან. ასეთი სიმსივნეებია ასტროციტომები და ეპენდიმომები.
- ექსტრამედულური სიმსივნეები ვითარდება ზურგის ტვინის გარშემო არსებული უჯრედებიდან. ასეთი ტიპის სიმსივნეებს შეუძლიათ დააზიანონ ზურგის ტვინის ფუნქცია მასზე ზეწოლით და სხვა გზებით. ექსტრამედულური სიმსივნეების მაგალითებია შვანომები, მენინგიომები და ნეიროფიბრომები.
ხერხემალში, ზურგის ტვინის გარშემო და იშვიათად ზურგის ტვინში შეიძლება შეგხვდეს სხეულის სხვა ნაწილში მდებარე სიმსივნეების მეტასტაზები.
ზურგის ტვინის სიმსივნეს ან ნებისმიერ სხვა წანაზარდს შეუძლია გამოიწვიოს ტკივილი, ნევროლოგიური პრობლემები და ხანდახან დამბლა. როგორც ავთვისებიანი, აგრეთვე კეთილთვისებიანი სიმსივნე შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს და გამოიწვიოს სამუდამო უნარშეზღუდულობა.
ზურგის ტვინის სიმსივნეების მკურნალობა ხდება ოპერაციით, რადიაციული თერაპიით, ქიმიოთერაპიით და სხვა მედიკამენტებით.
გამომწვევი მიზეზი
უცნობია რა იწვევს ზურგის ტვინის სიმსივნეების უმეტესობას. ექპსერტები მიიჩნევენ, რომ როლს თამაშობს დაზიანებული გენები. უცნობია გენების დაზიანება თანდაყოლილია, სპონტანურად ვითარდება თუ გამოწვეულია გარემოში არსებული რაიმე გამღიზიანებლით. ხშირ შემთხვევაში ზურგის ტვინის სიმსივნეები დაკავშირებულია ცნობილ თანდაყოლილ დაავადებებთან, როგორებიცაა ნეიროფიბრომატოზი მე-2 ტიპი და ჰიპელ-ლინდაუს დაავადება.
ზურგის ტვინის სიმსივნეების ტიპები
ზურგის ტვინის სიმსივნეების დაყოფა ხდება მათი ლოკალიზაციის მიხედვით.
ზურგის ტვინი არის გრძელი სვეტი, რომელსაც გამოაქვს და მიაქვს ინფორმაცია ტვინში. ზურგის ტვინს გარშემო აკრავს დამცავი გარსები, რომელბსაც მენინგები ეწოდება. გარეთა გარსს ეწოდება მაგარი გარსი (დურა მატერ), შუას – არაქნოიდური გარსი, ხოლო შიგნითას რბილი გარსი (პია მატერ).
ზურგის ტვინის სიმსივნეები შეიძლება დაიყოს ინტრადურულ და ექსტრადურულ სიმსივნეებად იმის მიხედვით, თუ რა მდებარეობა აქვთ მათ გარსებში.
ინტრადურული სიმსივნეები ვითარდება მაგარ გარსში და იყოფა ორ ქვეკატეგორიად:
- ექსტრამედულური სიმსივნეები. ეს სიმსივნეები ვითარდება ზურგის ტვინის გარეთ, მაგალითად მის გარემომცველ მაგარ გარსში (მენინგიომები) ან ზურგის ტვინის გამოსულ ნერვულ ფესვებში (შვანომები და ნეიროფიბრომები). ეს სიმსივნეები ხშირ შემთხვევაში კეთილთვისებიანებია.
- ინტრამედურული სიმსივნეები. ეს სიმსივნეები წარმოიქმნება ზურგის ტვინის უჯრედებში. მათი უმეტესობა არის ასტროციტომები და ეპენდიმომები. იშვიათ შემთხვევაში, ინტრამედულური სიმსივნეები შეიძლება ზურგის ტვინში სისხლის გავლით მოხვდნენ.
სიმპტომები
ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე და ტიპზე, განსაკუთრებით როცა სიმსივნე იზრდება და აზიანებს ზურგის ტვინს ან მის გარშემო მდებარე სისხლძარღვებს და ნერვებს. ზურგის ტვინის სიმსივნის ნიშნები და სიმპტომებია:
- ზურგის ტკივილი, რომელიც გადაეცემა სხეულის სხვა ნაწილებს
- მგრძნობელობის დაკარგვა, განსაკუთრებით ხელებში და ფეხებში
- სიარულის გაძნელება, ხანდახან დაცემა
- დაქვეითებული მგრძნობელობა ტკივილისადმი, სიცხისადმი და სიცივისადმი
- დეფეკაციის და შარდვის პრობლემები
- კუნთების სისუსტე, რომელიც დაზიანებული ნერვის მიხედვით შეიძლება სხვადასხვა სიმძიმის და ლოკალიზაციის იყოს
ზურგის ტკივილი ხშირი ადრეული სიმპტომია ზურგის ტვინის როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთისებიანი სიმსივნის. ტკივილი შეიძლება ვრცელდებოდეს ბარძაყებში, ფეხებში, ტერფებში ან მხრებში და შეიძლება მკურნალობისდა მიუხედავად დროთა განმავლობააში უფრო ძლიერდებოდეს.
ზურგის ტვინის სიმსივნეები პროგრესირებს სხვადასხვა სისწრაფით. როგორც წესი, ავთვისებიანი სიმსივნეები სწრაფად იზრდება, ხოლო კეთილთვისებიანები – ძალიან ნელა.
როდის მივმართოთ ექიმს
ზურგის ტკივილს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. იმის გამო, რომ ადრეული აღმოჩენა და მკურნალობა აუცილებელია ზურგის ტვინის სიმსივნეების დროს, მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ზურგის ტკივილი:
- არის ხანგრძლივი და მზარდი
- არ არის დაკავშირებული აქტივობასთან
- უარესდება ღამით
- გაქვთ გადატანილი სიმსივნე და გაგიჩნდათ ზურგის ტკივილი
სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ გაქვთ:
- კუნთების პროგრესული სისუსტე ან მგრძნობელობის მოშლა ფეხებში და ხელებში
- დეფეკაციის და შარდვის პრობლემები