ექთნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლინიკური კონფერენცია

03 მაი, 2026

2 მაისს ექთნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლინიკური კონფერენცია „საექთნო საქმე: განათლება, პრაქტიკა და განვითარება“ გაიმართა. ღონისძიება, რომელმაც „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გუნდი და სხვადასხვა სამედიცინო კლინიკებიდან მოწვეული პროფესიონალები ერთ სივრცეში შეკრიბა, ქსელის კლინიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება და  პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და საექთნო სფეროს განვითარების მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. 

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა საექთნო პროფესიის განვითარების მთავარ მიმართულებებზე – თანამედროვე განათლებაზე, პრაქტიკის გაუმჯობესებასა და ინოვაციებზე, ხელოვნური ინტელექტის როლზე საექთნო განათლებაში, კლინიკური პრაქტიკის ხარისხის გაუმჯობესების პრაქტიკულ მაგალითებსა და შედეგების შეფასების მნიშვნელობაზე.

სპიკერებმა ასევე განიხილეს ქირურგიული უსაფრთხოების კულტურა, ექთნის როლი პაციენტის უსაფრთხოებაში, საქართველოში არსებული რესურსები და სისტემური გამოწვევები, ახალი, ინოვაციური მიდგომების დანერგვის შესაძლებლობები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები  „საქართველოს ექთნების ასოციაციის 30 წლიანი ისტორია და გზა“ (საქართველოს ექთნების ასოციაციის პრეზიდენტი, გ. ჩაფიძის გულის ცენტრის მთავარი ექთანი ქეთევან გარსევანიშვილი); „მომავლის ექთანი: განათლება ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით“ (საექთნო ასოციაციის „ნუმანე” დამფუძნებელი თამარ დაუსი); „საექთნო პრაქტიკის გაუმჯობესება ჭიპლარის ცენტრალური კათეტერიზაციის მაგალითზე“ (“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელი ნინო დოკვაძე); „რაც არ იზომება, ვერ უმჯობესდება. საექთნო პრაქტიკის გაზომვის მნიშვნელობა“ (“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს თბილისის  მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის პედიატრიული ინტენსიური თერაპიის  მიმართულების უფროსი ექთანი მარიამ დიდებაშვილი, თბილისის  მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის პედიატრიული მიმართულების უფროსი ექთანი ეკატერინა ჭელიძე); „ექთნის როლი ქირურგიული უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებაში“ (ზოგადი ქირურგი, MD, PhD, პროფესორი, ჟურნალ  „გურამ ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ მთავარი რედაქტორი. შპს “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით ჯიქია); „საექთნო რესურსი საქართველოში – რეალობა და სისტემური გამოწვევები“ (“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელი ნატა დურგლიშვილი); „იდეიდან რეალობამდე: ინოვაციური გზების გამოწვევები და შესაძლებლობები“(კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგიის მიმართულების უფროსი ექთანი, საქართველოს ონკოლოგიის ექთნების ასოციაციის თავმჯდომარე ანი ხმალაძე).

„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მენეჯმენტმა მადლობა გადაუხადა საექთნო პერსონალს იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ასრულებენ პაციენტზე ზრუნვის პროცესში. „ექთნების პროფესია ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. მათი კომპეტენცია და ყოველდღიური ჩართულობა პირდაპირ აისახება პაციენტის უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხზე“, – აღნიშნა „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი ვასაძემ.

საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ კი ხაზი გაუსვა პროფესიის უწყვეტი განვითარების აუცილებლობას. მისი განცხადებით, „საექთნო პროფესია მუდმივი განვითარებაა – ცოდნის, გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების ერთიანობა, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში იძენს რეალურ მნიშვნელობას.“

კონფერენციის დასასრულს მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა და დღის მთავარი თემები შეჯამდა.

კლინიკური დეპარტამენტის ინიციატივით, პროფესიული დღეები „ჯეო ჰოსპიტალსში“ ყოველწლიურად მსგავსი საგანმანათლებლო და პროფესიული ღონისძიებებით აღინიშნება. წელსაც კონფერენციები ერთ სივრცეში, პარალელურ ფორმატში გაიმართა – ცალკე სესიებად საექთნო და ლაბორატორიული მიმართულებებისთვის, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს სხვადასხვა კლინიკური დარგის ერთმანეთთან ინტეგრირებული განვითარების მნიშვნელობას.