ნონა გოშაძის ახალი სახელმძღვანელოს „გადაუდებელ და კრიტიკულ მედიცინაში გამოყენებული მედიკამენტები“ პრეზენტაცია
ექთნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლინიკური კონფერენციის ფარგლებში „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსის ნონა გოშაძის ახალი პრაქტიკული სახელმძღვანელოს„გადაუდებელ და კრიტიკულ მედიცინაში გამოყენებული მედიკამენტები“ პრეზენტაცია გაიმართა.
გამოცემა შექმნილია კლინიკური პრაქტიკის რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით და წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს საექთნო პერსონალისთვის. სახელმძღვანელო აერთიანებს გადაუდებელ და კრიტიკულ მედიცინაში გამოყენებული მედიკამენტების შესახებ სტრუქტურირებულ ინფორმაციას – ფარმაკოლოგიური მოქმედება, გამოყენების ჩვენებები, დოზირება და ადმინისტრირების თავისებურებები.
პროექტი მიზნად ისახავს მედიკამენტების უსაფრთხო გამოყენების მხარდაჭერას და კლინიკური გადაწყვეტილებების პროცესის გამარტივებას ყოველდღიურ პრაქტიკაში. გამოცემა განიხილება როგორც სამუშაო ინსტრუმენტი, რომელიც არ ცვლის მოქმედ კლინიკურ გაიდლაინებსა და ექიმის ინდივიდუალურ დანიშნულებას, არამედ ავსებს პრაქტიკულ ცოდნას.
წიგნი მომზადდა ექთნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინიციატივის ფარგლებში და წარმოადგენს საექთნო პროფესიის განვითარების მხარდაჭერაზე ორიენტირებულ პროექტს, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უწყვეტი განათლების მნიშვნელობას თანამედროვე ჯანდაცვაში.
სახელმძღვანელოს მიზანია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მედიკამენტების გამოყენების მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა-
„მოხარული ვარ, რომ ექთნის საერთაშორისო დღის ფარგლებში შევძელით პროექტის წარმოდგენა, რომელიც უშუალოდ კლინიკური პრაქტიკის საჭიროებებზეა დაფუძნებული. წიგნი ემსახურება საექთნო პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის გაადვილებასა და მედიკამენტების ადმინისტრირების პროცესში მეტი თავდაჯერებულობის შეტანას. მჯერა, რომ პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლება თანამედროვე ჯანდაცვისა და ხარისხიანი მოვლის მთავარი ქვაკუთხედია“,-აღნიშნა ნონა გოშაძემ.