ლაბორატორიული მედიცინა – კლინიკური გადაწყვეტილებების საფუძველი – კონფერენცია „ჯეო ჰოსპიტალსში“

03 მაი, 2026

მსოფლიო ლაბორატორიული მედიცინის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისს „ჯეო ჰოსპიტალს“-მა კლინიკურ კონფერენციას უმასპინძლა თემაზე – „კვლევიდან დიაგნოზამდე: ლაბორატორიის როლი თანამედროვე მედიცინაში“.

ღონისძიება სხვადასხვა სპეციალობის ექიმებისა და ლაბორატორიული მიმართულების წარმომადგენლების პროფესიული დიალოგის სივრცედ იქცა, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობაზე გაკეთდა.

დისკუსიების მთავარი თემა იყო თუ როგორ ეხმარება სწორად შერჩეული და ინტერპრეტირებული ლაბორატორიული კვლევები ექიმს დიაგნოზის დასმაში, დაავადების პროგნოზირებასა და მკურნალობის მართვაში. მონაწილეებმა მიმოიხილეს კონკრეტული კლინიკური მაგალითები და თანამედროვე მიდგომები, რომლებიც აერთიანებს ლაბორატორიასა და კლინიკურ პრაქტიკას ერთიან პროცესად.

კონფერენციის პროგრამა მოიცავდა თემებს, რომლებიც ფარავდა როგორც ყოველდღიურ კლინიკურ გამოწვევებს, ისე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს – გასტროენტეროლოგიას, ჰემატოლოგიას, ონკოლოგიასა და რევმატოლოგიას. ცალკე ყურადღება დაეთმო კვლევების ინტერპრეტაციასა და ისეთი ფაქტორების მნიშვნელობას, როგორიცაა D ვიტამინი პაციენტის ჯანმრთელობის მართვაში.

მომხსენებლებს შორის იყვნენ: “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს კლინიკური მენეჯერი/უპგ, MD, კარდიოლოგი ხათუნა ბარბაქაძე, პროდუქციის და სერვის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ლაბაძე, ევროპის ღვიძლის დაავადებების შემსწავლელი ასოციაციის წევრი,  “ჯეო ჰოსპიტალს”-ის თბილისის  მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის გასტროენტეროლოგი თეა ქადაგიშვილი,
“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს თბილისის  მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ჰემატოლოგი, ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი სალომე კოხრეიძე, “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ეკა თედელაური, “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს თბილისის  მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი, თსუ დოქტორანტი ლელა ქაფიანიძე, “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს თბილისის  მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ფიფია და რევმატოლოგი, თერაპევტი, “ჯეო ჰოსპიტალსი” თბილისის  მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი ნინო ხიდეშელი. მომხსენებლებმა საკუთარ პრეზენტაციებში პრაქტიკული გამოცდილება და კლინიკური ხედვა გააზიარეს.

ღონისძიების ფარგლებში ხაზი გაესვა ლაბორატორიული მედიცინის როლს თანამედროვე ჯანდაცვაში, როგორც ერთ-ერთ საკვანძო ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს დიაგნოსტიკური პროცესის სიზუსტესა და ეფექტიანობას.

დღის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სპეციალური სიგელები და ჯილდოები.

კლინიკური დეპარტამენტის ინიციატივით, პროფესიული დღეებისადმი მიძღვნილი კონფეენციები „ჯეო ჰოსპიტალსში“ ყოველწლიურად იმართება. ამავე დღეს, ერთ სივრცეში, პარალელურ რეჟიმში ჩატარდა როგორც ლაბორატორიული მედიცინის, ასევე ექთნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენციები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მულტიდისციპლინური თანამშრომლობის მნიშვნელობას.