ორსულობა და იოდის დეფიციტი

24 მაი, 2022
იოდის დეფიციტს მრავალი მიზეზი აქვს. ორსულობისას ამ მიკროელემენტის უკმარისობა უმთავრესად არასათანადო კვების ბრალია. ადამიანისთვის იოდის ძირითადი წყარო წყალი და საკვებია. ორსულობისას ამ ელემენტზე ორგანიზმის მოთხოვნა იმატებს, ამიტომ იოდის ის ოდენობა, რომელსაც ქალი დაორსულებამდე იღებდა საკვებთან ერთად, ორსულობის პერიოდში შესაძლოა საკმარისი აღარ აღმოჩნდეს.

 

ორსულობისას ქალების უმრავლესობას იოდის დეფიციტი უვითარდება, მაგრამ ზოგიერთის ორგანიზმი ეგუება ამ მდგომარეობას და ნაყოფის განვითარებისთვის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალურ კონცენტრაციას უზრუნველყოფს. ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონების გამომუშავებას გაცილებით გვიან, ნერვული სისტემის პირველადი ჩამოყალიბებისას იწყებს, ამისთვის კი სწორედ ხსენებული ჰორმონებია საჭირო, ამიტომ ბავშვის ნორმალური განვითარება მთლიანად დედის ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამომუშავებულ ჰორმონებზეა დამოკიდებული.

როგორ უნდა ჩატარდეს იოდის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობისას და რომელი პრეპარატები შეგვიძლია გამოვიყენოთ?

დიეტით იოდის დეფიციტის კომპენსირება პრაქტიკულად შეუძლებელია. საკვები პროდუქტების უმეტესობა ძალიან ცოტა იოდს შეიცავს. თანაც დიეტა ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმში იოდის თანაბარ გადანაწილებას. არსებობს მრავალი პრეპარატი, რომლებსაც ორსულთა ვიტამინურ-მინერალური უკმარისობის პროფილაქტიკისთვის იყენებენ, მაგრამ იოდის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის უმჯობესია გამოყენებული იქნეს მედიკამენტები იოდის დოზირებული შემცველობით – ისინი საშუალებას გვაძლევს, ზუსტად ვაკონტროლოთ ორსულის ორგანიზმში იოდის ოდენობა.

გახსოვდეთ: იოდის პრეპარატებით თვითმკურნალობა და თვითპროფილაქტიკა კატეგორიულად იკრძალება. ამ პრეპარატების არასწორმა მიღებამ შესაძლოა ვერაფერი უშველოს იოდდეფიციტის პრობლემას, მეტიც – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მიზეზად იქცეს. ამიტომ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.